გქონიათ შემთხვევა, როდესაც მოხვდით კონკრეტულ სიტუაციაში და ინატრეთ თქვენთვის კომპეტენტური ადამიანის რჩევის ან მოსაზრების მოსმენა? ქოუჩინგ ტექნიკა „მეტორების მაგიდა“ სწორედ ამას აკეთებს. ცნობილია, რომ აზროვნების არეალის გაშლის ამ მეთოდს ჰილარი კლინტონიც იყენებს. პირველ ეტაპზე ჩამოაყალიბეთ თქვენი სამუშაო თემა და უპასუხეთ კითხვებს: რა შედეგი მინდა მივიღო ამ მეთოდით მუშაობისას? - აუცილებელია დასახოთ მიზანი. როგორ მივხვდები, რომ შედეგს მივაღწიე? - აქ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მაჩვენებლები. რითი არის მნიშვნელოვანი ეს შედეგი? - ანუ ვარკვევთ ღირებულებებს და რა შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მივიღებ ამ შედეგს? როდესაც ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გექნებათ, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ ხართ იქ და იმ გარემოში, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ და რესურსებს გაძლევთ. ეს შეიძლება იყოს სახლი სოფლად, ოკეანის სანაპირო ან ბილიკი ტყეში. კარგად დააკვირდით და შეისწავლეთ ეს გარემო, სადაც ხართ. მოისმინეთ კონკრეტული ხმები და სხეულში დააფიქსირეთ შეგრძნებები. შემდეგ კი ამ რესურსულ გარემოში მოიწვიეთ ის სამი ადამიანი, ვის აზრსაც ან რჩევას მოისმენდით თქვენს მიზანთან მიმართებაში. ეს შეიძლება იყოს როგორც ისტორიული პიროვნება, ასევე თქვენი თანამედროვე, რეალური ადამიანები - კოლეგები, მეგობრები, დარგის ექსპერტები და ა.შ. ჩამოაყალიბეთ კითხვის ფორმა და გაითვალისწინეთ კონკრეტიკა. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო კონკრეტულად იქნება კითხვა დასმული, უფრო ზუსტ პასუხს მიიღებთ. და როდესაც კითხვა გექნებათ მზად, მოიწვიეთ მენტორები სასაუბროდ თქვენს მაგიდასთან და დაუსვით მათ ეს კითხვა. დააკვირდით როგორ გამოიყურებიან, როგორ მოძრაობენ, მოუსმინეთ რას გპასუხობენ, მოუსმინეთ სათითაოდ და რიგრიგობით. გაარკვიეთ რაც შეიძლებ მეტი დეტალი, დააფიქსირეთ მენტორების ადგილას რას იგრძნობდით, იფიქრებდით და იტყოდით თქვენ? შესაძლოა პასუხები მიიღოთ არა სიტყვების, არამედ სიმბოლოების სახით. მნიშვნელოვანია, რომ სესიის დაწყების წინ ჩართოთ დიქტოფონი და მენტორებთან გასაუბრება ჩაიწეროთ. ეს პრაქტიკა თქვენი ნააზრევის მკაფიო სურათს მოგცემთ. როდესაც დიალოგს მენტორებთან დაასრულებთ, დაუბრუნდით რეალობას, გაახილეთ თვალები და შეაჯამეთ მიღებული ინფორმაცია. ჩამოწერეთ პუნქტებად ყველა პასუხი ან მინიშნება და გადადით სამოქმედო გეგმის დასახვაზე. როგორ გამოიყენებთ მიღებულ რჩევებს პრაქტიკაში? რას შეცვლით და რას გააკეთებთ სხვანაირად? როგორც ამბობენ, ჰილარი კლინტონი ამ მეთოდის გამოყენებით ყველაზე ხშირად ელეონორ რუზველტს ესაუბრებოდა.
LiveStream:http: //radiogipa.ge/