ალბათ გექნებოდათ ცხოვრებაში სიტუაცია, რომლის გახსენება დღესაც სტრესულ მდგომრეობაში გაყენებთ. სავარაუდოდ, ეს იქნება კონფლიქტები ან სიტუაციები, სადაც ჩნდება შიში, პანიკა ან სირცხვილის გრძნობა. ყველა ეს ნეგატიური ემოცია ცხოვრობს ჩვენს ორგანიზმში სტრესის სახით მანამ, სანამ არ ვიმუშავებთ მის განეიტრალებაზე. ქოუჩინგი კი ამისთვის ძალიან ეფექტურ ტენიკას გვთავაზობს.
დასაწყისისთვის გაიხსენეთ სიტუაცია, რომელმაც მოგგვარათ სტრესი. გაიხსენეთ და დაინახეთ ის, რაც ხდებოდა მაშინ - რას ხედავთ? სად ხართ? გარშემო რა ხდება? ადამიანები როგორ გამოიყურებიან? თქვენ როგორ გამოიყურებით? გაიხსენეთ ხმები - რა გესმით? ვისი ან რისი ხმები? როგორია ეს ხმები? მაღალი, დაბალი, გამაღიზიანებელი თუ არაფრისმთქმელი? როგორი ხმა გავთ თქვენ? შემდეგ გაიხსენეთ შეგრძნებები - რა ხდება ამ დროს თქვენს სხეულში? რას გრძნობთ? როგორი ჟესტიკულაცია გაქვთ? შექმენით ამ მოგონების სამგანზომილებიანი სურათი.
შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ამ სიტუაციას აკვირდება თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანი და გადაინაცვლეთ მის სხეულში. რას დაინახავს, მოისმენს და იგრნობს ის, როდესაც გიყურებთ თქვენ? მნიშვნელოვანია, რომ მან აღნიშნოს ფაქტები და არ მოახდინოს შეფასება. მაგალითად, „ვხედავ ქალს ლურჯ პიჯაკში, რომელიც ხმამაღლა ლაპარაკობს და ლოყები უწითლდება“ და არა „ქალი ისტერიკულად იქცევა“.
ამ ეტაპის შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მთელ ამ სიტუაციას იღებს პატარა კამერა ოთახის ერთი კუთხიდან. როგორ ფიქრობთ, რას იღებს ეს კამერა? როგორია ამ კამერის თვალით დანახული ეს ადამიანები და სიტუაცია? როგორც მიხვდით, უკვე შეიცვალა თქვენი ემოციური მიდგომები და ფაქტებსაც უკვე სხვანაირად აღიქვამთ.
და ახლა ბოლო ეტაპი - წარმოიდგინეთ, რომ მიფრინავს თვითმფრინავი, თქვენ ზიხართ ამ თვითმფრინავში და ძალიან ზემოდან უყურებთ პროცესს. რას ხედავთ? რა გესმით და რას გრძნობთ? როგორია თქვენი ემოციები?
აღწერეთ როგორ იცვლებოდა სიტუაციის მიმართ თქვენი ემოციური განწყობილება ყოველი პოზიციის შეცვლისას. და უპასუხეთ კითხვას - რას ვგრძნობ მე ახლა, როდესაც სხვადასხვა პოზიციიდან ვადევნებ თვალს საკუთარ თავს და სიტუაციას? რა შეიცვალა?
დაიმახსოვრეთ, რომ დისოცირებული ვიზუალიზაცია სტრესთან გასამკლავებლად ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ ის იმდენჯერ, რამდენჯერაც თქვენი შინაგანი ბრძენი გიკარნახებთ.
LiveStream: http://radiogipa.ge/