ზოგჯერ საჭიროა მივიღოთ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიცაა გავაკეთო თუ არ გავაკეთო? მაგალითად, მანქანა ვიყიდო თუ არა? სამსახური შევიცვალო თუ არა? და ა.შ. არ ვსაუბრობ ისეთ გადაწყვეტილებებზე, სადაც რამდენიმე არჩევანი გვეძლევა. ხშირად ხდება, რომ გადაწყვეტილების შედეგების შეფასებაც გვიჭირს და თითქოს ერთ ადგილას გავიყინეთ. სწორედ ასეთ შემთხვევებში, არჩევანის გასაკეთებლად ქოუჩინგი იყენებს ტექნიკას სახელწოდებით „დეკარტეს კოორდინატები“. ტექნიკის სახელი, სწორად მიხვდით, რენე დეკარტს უკავშირდება. როგორ ვიყენებთ ტექნიკას? განვიხილოთ მაგალითი „ვიყიდო თუ არა ავტომობილი?“ აიღეთ თაბახის ფურცელი, გაყავით ოთხ ნაწილად ისე, რომ ოთხი კვადრატი მიიღოთ და რიგითობის მიხედვით, თითო კვადრატი შეავსეთ თითო კითხვით: 1. რას მივიღებ, თუკი ამას გავაკეთებ? 2. რას დავკარგავ თუკი ამას გავაკეთებ? 3. რას მივიღებ, თუკი ამას არ გავაკთებ? 4. რას დავკარგავ, თუკი ამას არ გავაკეთებ? შემდეგ კი თითო კვადრატში ჩაწერეთ რაც შეიძლება მეტი პასუხი მოცემულ კითხვაზე. როგორც წესი, ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, თქვენ გაქვთ თქვენი გადაწყვეტილების ყველა ვარიანტის სრული სურათი და უკვე იცით, გინდათ თუ არა ამის გაკეთება. თუმცა, შეგიძლიათ ტექნიკის მეორე ნაწილიც გამოიყენოთ. ყველა პასუხი შეაფასეთ 10 ქულიანი სისტემით, სადაც 10 მაქსიმუმია. დასვით კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს? მაგალითად, თუკი ერთ-ერთი პასუხია: მანქანის ყიდვით მე მივიღებ კომფორტს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, 1-დან 10-მდე რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის კომფორტი? ამ პრინციპით შეაფასეთ ოთხივე კვადრატში ჩამოწერილი ყველა პასუხი. საბოლოოდ თქვენ შეძლებთ უკვე ლოგიკურად მიიღოთ გადაწყვეტილება. ძალიან ხშირად, ადამიანებს ერთი შეხედვით ჰგონიათ, რომ ეს კითხვები ჰგავს ერთმანეთს და პასუხებიც ერთნაირი იქნება. თუმცა აქ გვავიწყდება ერთი მთავარი რამ - ჩვენი გონების შემოქმედებითობა. ის ყოველთვის ზრუნავს ერთი მოვლენა სხვადასხვა მხრიდან დაგვანახოს. მთავარია დავუსვათ სწორი კითხვები და დაველოდოთ პასუხებს. და გვახსოვდეს მილტონ ერიქსონის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი: ადამიანი კონკრეტულ დროში და არსებულ გარემოში, მისთვის ხელმისაწვდომი ვარიანტებიდან ყოველთვის საუკეთესოს ირჩევს. ავტორი: ირინა ჭოჭოა

GIPA #ქოუჩინგლაბორატორია

radiogipa.ge/