თვითქოუჩინგი ყოველთვის, როცა მეკითხებიან რა არის ქოუჩინგი, ვპასუხობ - კითხვების სწორად დასმის ხელოვნება. სესიაზე მთელი პროცესი აგებულია სწორედ ასეთ კითხვებზე, რომელსაც მიყავხარ პასუხებისკენ. ეს რაც შეეხება ქოუჩინგს, როდესაც პროცესში ორი მხარეა - ქოუჩი და კლიენტი. ასევე გვაქვს თვითქოუჩინგი, სადაც კითხვებს ქოუჩი კი არა, საკუთარი „მე“ გისვამთ. თვითქოუჩინგი გულისხმობს პირველ რიგში ძალიან მაღალ დისციპლინას და პასუხისმგებლობას საკუთარი თავის წინაშე, რომ ეს კითხვები დასვათ დილას და საღამოს უწყვეტ რეჟიმში. ცხოვრების იმ გრაფიკში და ტემპში, რაც გვაქვს, გამოვძებნოთ 5 წუთი საკუთარ მიზნებზე სამუშაოდ - ეს ნებისყოფის ამბავია. ზოგჯერ მიზნები გვეკარგება და ინტუიტიურად ვაგრძელებთ მოქმედებას. ასე რომ არ მოხდეს, არსებობს ეს მარტივი და ეფექტური ინსტრუმენტი - დილის და საღამოს კითხვები საკუთარ თავს. მარტივი იმითი, რომ ნაკლები დრო მიაქვს და შეგიძლიათ ეს პროცესი სახალისოც გახადოთ. ნაბიჯი პირველი: ყოველ დილას, თქვენი საყვარელი რიტუალის დროს, რომელიც შეიძლება იყოს ყავის დალევა ან თავის მოწესრიგება, დაუსვით საკუთარ თავს სამი კითხვა: ჩემი მიზნის მისაღწევად დღეს რა შემიძლია გავაკეთო? რა შემიძლია შევცვალო და ისე გავაკეთო? რითია საინტერესო ეს მიზანი? დღეს პირველ რიგში რაზე მოვახდენ ფოკუსირებას?
5 წუთიანი დაფიქრება, დღის დაგეგმარება და ვიზუალიზაცია დაალაგებს თქვენი დღის გრაფიკს. ვიზუალიზაციის დროს დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერს ხედავთ ფერადად, ნათლად და დიდ ეკრანზე. გესმით ხმები და სხეულში აფიქსირებთ შეგრძნებებს, მერე კი ამ გამოსახულებასთან ასოცირდებით. საღამოს კი შედეგების შეჯამების დროა. და აქვე საღამოს კითხვები: დღეს რა გავაკეთე ისეთი, რამაც ჩემს მიზანთან დამაახლოვა? რა ვისწავლე დღეს? რა გავიგე ახალი?
როგორ შემიძლია დღეს მიღებული ცოდნა გამოვიყენო?
ამ პროცესის კიდევ უფრო გასახალისებლად შეგიძლია გააკეთოთ მინიშნებები. მაგალითად, გაიკრათ სტიკერები ან დააყენოთ ენერგიული მუსიკა მობილურზე იმისათვის, რომ საკუთარ თავს შეახსენოთ კითხვების დასმა. და როდესაც მიხვდებით, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი. თვითქოუჩნგის უნარების გამომუშავებით თქვენ ყოველთვის პირდაპირ იმოძრავებთ თქვენი მიზნისკენ. ქოუჩი:ირინა ჭოჭუა