საკუთარი თავისთვის მოტივაციის გაზრდის ბევრნაირი გზა არსებობს. მათ შორის, ჩვენი მიზნის წარმოდგენა და ამ სურათისგან სამოქმედო ენერგიების მიღება. ქოუჩინგი არის კითხვების დასმის ხელოვნება, ამიტომ ამ პოსდკასტში ვისაუბრებ იმ კითხვების სერიაზე, რომელიც ისმება მაშინ, როცა გვინდა მოტივაციის შკალა ავწიოთ.
თუ გინდათ მთელი ყურადღების ფოკუსირება წარსულიდან აწმყოზე და შემდეგ მომავალზე გადაიტანოთ, აკეთებთ შემდეგ რამეს. აიღეთ კონკრეტული თემა, რაზეც იმუშავებთ. მაგალითად, სამსახურეობრივი პირობების გაუმჯობესება. ჩამოწერეთ ფურცელზე როგორი იყო თქვენი პირობები ადრე, როგორი არის ახლა და როგორი გინდათ, რომ იყოს და დასვით კითხვა რა მინდა რომ მოხდეს ამ მიმართულებით? როგორ მინდა, რომ განვითარდეს? ეს მოგცემთ საშუალებას ჩამოიყალიბოთ პოზიტიური აზროვნება, ორიენტირება გააკეთოთ მომავალზე და არა წარსულზე, პრობლემის გადაწყვეტაზე და არა თავად პრობლემაზე. მეორე და ძალიან კრეატიული მიდგომა მდგომარეობს შემდეგში. დასვით კითხვა: რა შემიძლია გავაკეთო სხვანაირად იმისათვის, რომ ჩემი სამსახურეობრივი პირობები გაუმჯობესდეს? ყურადღება მიაქციეთ კითხვის ფორმას: „გავაკეთო სხვანაირად“ და არა ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდი. ეს ფორმულირება პირველ რიგში რთავს შემოქმედებით აზროვნებას და თქვენ გონებაში ჩამოყალიბებს ქცევის ახალ სტრატეგიებს. მესამე და საკმაოდ მნიშვნელოვანი მეთოდი არის შეფასების შკალა. შეაფასეთ საკუთარი ქმედების ეფექტურობა 10 ქულიან შკალაზე, სადაც 1 არის მინიმუმი, ხოლო 10 მაქსიმუმი. დასვით კითხვა: 1-დან 10-მდე რამდენად ეფექტურია ჩემი მოქმედებები? რა ქულასაც დააფიქსირებთ, განმარტეთ რას ნიშნავს ეს კონკრეტული ქულა, მაქსიმუმს რა ქულას ისურვებდით და რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ მაქსიმუმის მისაღწევად? დაიმახსოვრეთ, ყოველთვის შესაძლებელია ძველი გამოუსადეგარი ქცევების მოშორება და მათი ჩანაცვლება ახალი, ეფექტური ქცევებით და პატერნებით. ეს ნაბიჯები კი დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში. ქოუჩი: ირინა ჭოჭუა
http://radiogipa.ge/